დაცული ტერიტორიების სააგენტოში, 2022 წლის შედეგებისა და 2023 წლის გეგმების განსახილველად, ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, 2022 წლის შედეგებისა და 2023 წლის გეგმების განსახილველად, ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს რეგიონების განვითარებაზე, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და მონიტორინგის, ასევე, ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებებით. აღნიშნულის ფარგლებში, დაცულიტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, თითოეული ადმინისტრაციული სამსახურის საჭიროებებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
 2023 წელს, ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით სამუშაოები უფრო აქტიურად გაგრძელდება, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ნაკადების მოზიდვას, ადგილობრივ მოსახლეობას კი, დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. 2023 წლის გაზრდილ ბიუჯეტში, 18 მილიონის ფინანსური რესურსის ინვესტირება მოხდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ითვალისწინებს სალაშქრო ბილიკების ქსელისა და თანმდევი რეკრეაციულ-ტურისტული ზონების საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სამშენებლო სამუშაოებს. 2023 წელს, ასევე, განხორციელდება სხვადასხვა პროექტი, ეკოტურისტული ცნობიერების ამაღლების კუთხით.
 შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე, მათ შორის, ტყის მოვლა-აღდგენაზე, სახეობათა დაცვასა და მონიტორინგზე, კონსერვაციულ და სახეობათა აღდგენის პროექტებზე; აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წელს, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პატრულირებისა და ბიომონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, ხაზგასმულია ტერიტორიების განვითარებაში საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
 აღსანიშნავია, რომ, 2022 წელს, არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა. მათ შორის, გაიხსნა: წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მოეწყო: ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვა