ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ, ლელა გოგუაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად დაათვალიერა.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე უკვე მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის,მოსასვენებელი სივრცეების, გადმოსახედი პლატფორმისა და ავტოპარკინგის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა შემეცნებითი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ისპანის უნიკალური ბიომრავალფეროვნება.
ქობულეთის უნიკალური დაცული ტერიტორიები, რომლებიც ქობულეთის ზღვის სანაპიროდან 2 კმ-ში მდებარეობს, მსოფლიო მასშტაბით უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას რეგიონში, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას და UNESCO-ს საიტის პოპულარიზაციას.
